უკრაინის არმია "სტრატეგიულ ინიციატივას დაეუფლა" და ყველა მიმართულებით მიიწევს წინ - მალიარი

ანა მალიარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში.

"თავად ქალაქში (ბახმუტი - რედ.) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ანა მალიარმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ მტერს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.

ასევე ნახეთ

გენერალი ზალუჟნი ადასტურებს უკრაინის არმიის წინსვლას

სატელეფონო საუბრის შემდეგ, 28 ივნისს, ღამით, ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. ვალერი ზალუჟინის დეტალები არ დაუკონკრეტებია.