BBC: „ვაგნერი“ უკრაინასთან საომრად ხალხის დაქირავებას განაგრძობს

საილუსტრაციო ფოტო. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გარკვეული ნაწილი რჩება უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ 29 ივნისს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა. მანამდე ეს ითქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოშიც.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ ბელარუსში გაჩნდა ახალი ნაგებობები, რომლებიც, სავარაუდოდ, „ვაგნერელებისთვისაა“ განკუთვნილი, რაიდერმა მხოლოდ ის თქვა, აშშ დაკვირვებას განაგრძობს, ისევე, როგორც ამ დაჯგუფების ქმედებებზე აფრიკასა და სირიაში.

ასევე ნახეთ "ვაგნერელებს" ბელარუსში ბანაკს უმზადებენ?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, „ვაგნერელების“ ნაწილი ჯერ კიდევ რჩება უკრაინის სამხრეთში და ლუგანსკის ოლქში, სადაც ბაზა აქვთ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

ბუდანოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ 29 ივნისს განუცხადა, რომ რუსეთში „ვაგნერის“ ამბოხების შედეგებიდან უკრაინისთვის მნიშვნელოვანია პუტინის ხელისუფლების კომპრომეტირება, მისი რეჟიმის უძლეველობის მითის დანგრევა და ის, რომ „ვაგნერელები“ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინაში საომრად ხალხის დაქირავებას განაგრძობს. ეს გაარკვიეს BBC-ს ჟურნალისტებმა, რომლებმაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში „ვაგნერის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და პასუხად მიიღეს, რომ არაფერი შეცვლილა და კონტრაქტებიც ისევ „ვაგნერთან“ ფორმდება და არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ასევე ნახეთ პუტინი: "ვაგნერის" ამბოხებულ მებრძოლებს შეუძლიათ არმიას შეუერთდნენ ან ბელარუსში წავიდნენ
  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.