გენერალი სუროვიკინი დაკითხეს და გაათავისუფლეს - "ვაჟნიე ისტორიი"

სერგეი სუროვიკინი, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური და უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურის მოადგილე, არ დაუპატიმრებიათ, არამედ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - იტყობინება გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი", რუსეთის გენერალურ შტაბთან და რუსეთის უშიშროებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე რამდენიმე დასავლური გამოცემითა და რუსული ინტერნეტ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო, დაკავებული არიან უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი და ისინი ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან.

სუროვიკინის ბედთან დაკავშირებით კრემლმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე არაფერი უთქვამს გენერალზე, რომელიც საჯაროდ ბოლოს 23 ივნისს, „ვაგნერის“ მიერ წამოწყებული ამბოხისა და მოსკოვისკენ „სამართლიანობის მარშის“ დღეს გამოჩნდა.

შემდეგ მან ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებს გაჩერებისკენ მოუწოდა. გენერალ სუროვიკინის ადგილსამყოფელი უცნობია.

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.