ლიანდაგის დატბორვის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებული იყო

ფოტოილუსტრაცია

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. მიზეზად ძლიერი წვიმის გამო ლიანდაგის დატბორვა არის დასახელებული.

„დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას", - ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

განახლება

მოგვიანებით საქართველოს რკინიგზამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ის აღნიშნავს, რომ მგზავრებს მგზავრობის საფასური აუნაზღაურდებათ.

„ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური", - ნათქვამია განცხადებაში.