ქართული დრონების წინააღმდეგ ცხინვალი იარაღს გამოიყენებს

ფოტო არქივიდან: ქართველი აქტივისტების დრონი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით. ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. დოკუმენტის თანახმად, „უშიშროების ძალებს“ შეეძლებათ „საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“ გამოიყენონ იარაღი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

შესაბამისი მოხსენება ე.წ. მთავრობის სხდომაზე ე.წ. უშიშროების კომიტეტის (КГБ) სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა.

„ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატები სულ უფრო ხშირად გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არც საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გაზრდილი შემთხვევები“, - განაცხადა ალიხანტიმ.

სააგენტო „რესის" თანახმად, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა შეთავაზებული ცვლილებები ერთსულოვნად დაამტკიცა.