ოკეანიდან ამოიტანეს „ტიტანის“ ფრაგმენტები და სავარაუდოდ, ადამიანთა ნაშთებიც

„ტიტანის“ ნაწილებით დატვირთული ავტომანქანა კანადის სენტ-ჯონსის პორტში. 2023 წლის 28 ივნისი

ატლანტის ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს წყალქვეშა აპარატ „ტიტანის“ ფრაგმენტები და დაღუპულთა სავარაუდო ნაშთები. ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური იუწყება. „ტიტანის“ ნაწილები კანადურმა გემმა Horizon Arctic-მა 28 ივნისს ჩაიტანა კანადის სენტ-ჯონსის პორტში, საიდანაც აშშ-ში გაიგზავნება და ექსპერტიზა დაიწყება.

ამერიკული კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა აპარატი, რომელიც ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად გამოიყენებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ჩაძირული „ტიტანიკის“ კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულემანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში. ხუთივეს დაღუპვა 22 ივნისს დადასტურდა, მას შემდეგ, რაც ოკეანეში „ტიტანის“ ნამსხვრევები აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, წყალქვეშა აპარატი ძლიერმა წნევამ გაანადგურა.

ასევე ნახეთ “ისტორია მეორდება” - რა დაემართა წყალქვეშა ნავ "ტიტანს", რომლის ნამსხვრევებიც “ტიტანიკის” ახლოს იპოვეს

„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ექსპედიცია, როგორც წესი, კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყებოდა და გრძელდებოდა უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში დაახლოებით 4 000 მეტრის სიღრმეზე ეშვებოდა. ტურის ღირებულება თითო კაცზე 250 000 დოლარი იყო.