შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულის" წამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოქალაქე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე.
გავრცელებული ცნობით, დაკავებული არის ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ვისი სახელითაც ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკანგარიშზე, სადაც ეს „აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს დაიდო, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
ასევე ნახეთ „მე ვცემე“ - გამოცხადებული ძალადობის ქრონიკანიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.
ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით ფეისბუკის სტატუსი თითქმის მსგავსია პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სოსო მაისურაძის განცხადებისა, რომელიც მან ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. მაისურაძე გუგეშაშვილის მსგავსად მიუთითებდა, რომ არ აპირებდა მიმალვას და თავდასხმის მიზეზად ასახელებდა ზურა ჯაფარიძის შეხედულებებს.
ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, 27 ივნისს თბილისში დაესხნენ თავს.
ასევე ნახეთ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენმიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის საკითხს აყენებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი გმობს ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას