ძაღლის უსაბელოდ ან უალიკაპოდ ღია სივრცეში ყოლისთვის პატრონი 150 ლარით დაჯარიმდება

საილუსტაციო ფოტო: გერმანია. ქალი ძაღლით

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.

წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონში შეტანილი ცვლილებით, იზრდება ჯარიმის ოდენობა თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში და მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.