ვრცელდება ცნობები სროლის შესახებ მთიანი ყარაბაღის არეალში, ვაშინგტონში კი სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერები შეხვედრას მართავენ 2023 წლის 26 ივნისს

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მმართველები აცხადებენ, რომ 28 ივნისს, დილით, ოთხი ეთნიკურად სომეხი სამხედრო ემსხვერპლა აზერბაიჯანის მიერ გახსნილ ცეცხლს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის პოზიციებს გაუხსნეს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან და დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. სამინისტროს არაფერი უთქვამს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ ცეცხლს მათი ოთხი სამხედრო შეეწირა.

ინციდენტის შესახებ ცნობები ვრცელდება იმ ფონზე, როცა 27 ივნისს ვაშინგტონში გაიხსნა სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, როგორც ბოლო წლებში რამდენჯერმე გამწვავებული კონფლიქტის მოგვარების მორიგი ძალისხმევა.