უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 1 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია 60 ადამიანი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია - 14 წლის ტყუპი დები და 17 წლის გოგო.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეს.
კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. BBC-ს ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან (Aquanta Ucraina) აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.