ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფოტო არქივიდან. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სიტყვით გამოდის უკრაინის პარლამენტში. 2022 წლის 28 ივლისი

დღეს კიევში ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავის აღნიშვნაში.

ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაუსედა ზელენსკისთან განიხილავს ივლისში ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს, ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების საკითხს და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებას.

პრეზიდენტი ნაუსედა კიევში ჩავიდა ჰააგიდან, სადაც 27 ივნისს ნატოს წევრი 7 სახელმწიფოს ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე. გიტანას ნაუსედამ კიევში გამგზავრების წინ ტვიტერზე დაწერა, რომ ლიეტუვამ უკრაინისთვის შეიძინა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ის ორი გამშვები დანადგარი.

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევიდან გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც ხვალ, 29 ივნისს, იწყება ევროპული საბჭოს ორდღიანი სხდომა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე და ევროკავშირის ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო ურთიერთობების და მიგრაციის საკითხებზე.