მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ

ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია „ფორმულის" ცნობით, არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა. მშვილდაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერებს აღბეჭდილი აქვს.

„უცნობი პირი დამესხა თავს "კარფურის" შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია, თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ. ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ. ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი. წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ, იმიტომ რომ მერე დაცვა მოვიდა. დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი. „შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - თქვა მიშა მშვილდაძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

განახლება

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.