რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის არმიის, ეროვნული გვარდიის, ფსბ-ს, ფსო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა „ვაგნერის“ პუტჩის დროს „სამოქალაქო ომის თავიდან აცილებისთვის“ 23-24 ივნისს. მოკლე სიტყვა 27 ივნისს შუადღისას იქნა წაკითხული.
პუტინი სიტყვით გამოვიდა საკათედრო ტაძრის მოედანზე მდებარე წახნაგოვანი პალატის წითელი ვერანდიდან. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ღონისძიებას დაესწრო 2,5 ათასი ადამიანი, მათ შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
„რთულ ვითარებაში თქვენ იმოქმედეთ მკაფიოდ, შეთანხმებულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსეთის ხალხისა და სამხედრო ფიცისადმი, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მომავლის მიმართ“, - განუცხადა პუტინმა დამსწრე საზოგადოებას. აჯანყების ჩახშობაში მათი როლი მას არ გაუმჟღავნებია.
ასევე ნახეთ პუტინი: "ვაგნერის" ამბოხებულ მებრძოლებს შეუძლიათ არმიას შეუერთდნენ ან ბელარუსში წავიდნენ24 ივნისის ღამეს ვაგნერელებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
ფედერალური ჯარები რეალური თავდაცვის პირველ ხაზებს, როგორც 24 ივნისს იტყობინებოდნენ, ამზადებდნენ მდინარე ოკის ნაპირებზე, უკვე მოსკოვის ოლქში, როსტოვიდან ათასი კილომეტრის დაშორებით.
აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას აღუთქვეს ბელარუსში გამგზავრების გარანტიები.
პუტინმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა პუტჩის დროს დაღუპული რეგულარული არმიის მფრინავების პატივსაცემად. მათ „ნამდვილი გმირები“ უწოდეს. პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია მათი ვინაობა.
ცნობილი არ არის დაღუპულთა რაოდენობაც კი. ანონიმური სამხედრო ბლოგერის, Fighterbomber-ის ცნობით, აჯანყების დროს „ვაგნერის“ მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავსა და შვეულმფრენებში რეგულარული არმიის 13 პილოტი დაიღუპა. გარდა ამისა, დონეცკის სეპარატისტთა შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) განაცხადა, რომ დაიღუპა ორი მესაზღვრე. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.