CNN-ი: მოკავშირეები აფრთხილებდნენ კიევს, პრიგოჟინის ამბოხების დროს არ დაერტყა რუსეთისთვის

ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება "ვაგნერის" მებრძოლებს. დონის როსტოვი, 24 ივნისი, 2023.

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მოსკოვში შეიარაღებული ლაშქრობის დასრულებას გამოაცხადებდა, უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის შიგნით წარმოქმნილი ქაოსი არ გამოეყენებინათ დარტყმისთვის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, შიშობდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინასა და დასავლეთს განიხილავდა ძალებად, რომლებიც ეხმარებიან პრიგოჟინს და ემუქრებიან რუსეთის სუვერენიტეტს.

CNN-ის თანამოსაუბრის თქმით, უკრაინელ პარტნიორებთან საუბარში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრიგოჟინისა და მისი „ვაგნერის“ ამბოხება რუსეთის შიდა საქმეა. მოკავშირეები აფრთხილებდნენ უკრაინელებს, არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება, არ ჩარეულიყვნენ საშინაო საქმეებში, არ დაერტყათ სამხედრო ობიექტებისთვის რუსეთის შიგნით და საბრძოლო შესაძლებლობები გამოეყენებინათ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, განუცხადა წყარომ CNN-ს.

ამერიკელი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები გასულ კვირაში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პრიგოჟინის აჯანყების კომენტირებისას სწორედ იმას აღნიშნავდნენ, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ორშაბათს საღამოს მეორედ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ არეულობის ორგანიზატორებმა „უღალატეს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს“, მაგრამ მას სახელები არ დაუსახელებია. ამასთან, პუტინმა თქვა, რომ „ძმათა შორის მკვლელობა რუსეთის მტრებს სურდათ“ და მტრებს შორის დაასახელა, მისი სიტყვებით, კიევის „დასავლელი პატრონები“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც პირველად 26 ივნისს გამოეხმაურა რუსეთში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებს, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ მონაწილეობდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, პრიგოჟინის ამბოხებაში. „ეს არის რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი“, - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის თვალყურს ადევნებდა, რა ხდებოდა რუსეთში და მიმდინარე მოვლენებს ონლაინ რეჟიმში განიხილავდა შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებთან.