7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს - მორალური ზიანის სახით ისინი 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ.
"პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი დისკრედიტაცია, დემონიზება, შეურაცხყოფა. ამ კამპანიას დირიჟორობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, პირველ რიგში - უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით, სიმბოლური თანხა დაეკისროთ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ასევე, რაც მთავარია, და ამაზეა ორიენტირებული ჩვენი სამოქალაქო სარჩელი, რომ ბოდიში მოიხადონ", - თქვა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.
"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.
ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.