„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მიერ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების უპრეცედენტო გამოწვევის შემდეგ ქაოსი, შესაძლოა, ჯერ არ დასრულებულა და არასტაბილურობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
სატელევიზიო ინტერვიუებში ბლინკენმა განაცხადა, რომ დაძაბულობა, რომელმაც საქმე 23-24 ივნისს ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ამბოხებამდე მიიყვანა, დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა. "ვფიქრობ, მეტი ბზარები დავინახეთ რუსეთის ფასადზე. ბევრი ახალი საკითხია, რომელთა მოგვარებაც პუტინს მოუწევს უახლოეს კვირებსა და თვეებში", - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-ს.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე არეულობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსკოვის შესაძლებლობებზე უკრაინაში. „ჩვენი ყურადღება სტაბილურად არის მიმართული უკრაინისკენ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად“, - თქვა ბლინკენმა. ABC News-თან ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კრემლის პრობლემები, დიდი ალბათობით, დაეხმარება კიევს აგრესიისგან თავდაცვაში.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა დაწერა, რომ შაბათს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. „პროგრესი ყველა ფრონტზეა“, - ამბობს მალიარი. მან აღნიშნა, რომ იყო შეტევა ორეხოვო-ვასილიევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკის, იაგოდნოიეს, კლეშჩეევკის, კურდიუმოვკის მიმართულებით. საუბარია ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც მაისში, რუსეთის ჯარების მიერ თავად ქალაქის აღების შემდეგ, ინიციატივა უკრაინელ სამხედროებს ჰქონდათ.
ამავე დროს ფრონტზე წინსვლაზე ლაპარაკობს მოსკოვიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოიგერიეს უკრაინის არმიის მრავალი კონტრშეტევა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი ანგარიშის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ ბახმუტის რაიონში რუსებმა უკრაინელი სამხედროების 10 კონტრშეტევა მოიგერიეს.
დასავლური მედია ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ს დაზვერვამ ადრე ვაშინგტონს მიაწოდა ინფორმაცია „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო გეგმების შესახებ, დაეწყო შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
The Washington Post-ი, კერძოდ, ირწმუნება, რომ დაზვერვამ აჯანყების დაწყებაზე პრიგოჟინის გეგმების შესახებ შეიტყო ივნისის შუა რიცხვებში. ინფორმაცია სერიოზულად მიიჩნიეს - ამერიკელი ანალიტიკოსები ეჭვობდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი შეინარჩუნებდა ძალაუფლებას და ასევე გამოხატეს შეშფოთება რუსული ბირთვული არსენალის ბედთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი