საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის გამო დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
ასევე ნახეთ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქმე დაიხურა - პროკურატურა„ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 29 აპრილს „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა. შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.
ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, საქმის გამომძიებელი "შაბათის ფორმულასთან" რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობდა.
„სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურა განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე ნახეთ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე გამოძიება დაიწყოგამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს.
„გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.