საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუკზე გამოეხმაურა 24 ივნისს რუსეთში მომხდარ სამხედრო ამბოხს.
„გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება”, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ და უკრაინულ ენებზე.
24 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
არშემდგარი ამბოხის ქრონიკა:
- 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი და ხელში ჩაიგდო სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი.
- პრიგოჟინი მოითხოვდა, გადაეცათ მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, „ვაგნერის“ განადგურების სავარაუდო მცდელობისთვის.
- 24 ივნისს პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო ამბოხის ორგანიზებისთვის. მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩატარდა მთელი რუსეთის მასშტაბით.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართვაში აჯანყების სასტიკად ჩახშობის პირობა დადო.
- "ვაგნერის" კოლონები დაიძრნენ მოსკოვისკენ და 24 ივნისის საღამოს დაუბრკოლებლად მიაღწიეს მოსკოვის ოლქის საზღვრებს. რუსეთის დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა. ქალაქის შესასვლელებთან ბლოკპოსტები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. როსტოვისკენ დაიძრა ჩეჩნეთის სპეცრაზმი.
- საღამოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დაარწმუნა პრიგოჟინი შეჩერებულიყო და თავისი რაზმები ზურგში, ბანაკებში დაებრუნებინა.
- პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში "გადავა" და რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება.
მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.