რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის", შეიარაღებული ფორმირებები 24 ივნისის ამბოხის მცდელობის შემდეგ ტოვებენ ლიპეცკის და ვორონეჟის ოლქებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, ადგილსამყოფელი უცნობია.
ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადივორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ ვაგნერის ქვედანაყოფების გადაადგილება რეგიონში მთავრდება "ექსცესების გარეშე". გუსევის თქმით, მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ჯარი საბოლოოდ დატოვებს რეგიონს, მოიხსნება საავტომობილო გზებზე მოქალაქეებისთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა. გუბერნატორი ზარალის ანაზღაურების დაპირებასაც იძლევა.
ლიპეცკის ოლქის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა მთლიანად დატოვეს რეგიონი. ოლქში მოხსნილია გადაადგილების შეზღუდვები. სრულად განახლდა ტრანსპორტის მუშაობა.
ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების ბატალიონის, „ახმატის“, მეთაურმა აფთი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები ბრუნდებიან უკრაინაში - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. მანამდე „ახმატი“ გაგზავნილი იყო როსტოვის ოლქში „ვაგნერის“ შესაჩერებლად, თუმცა ვითარება მოლაპარაკებების გზით მოგვარდა.
დონის როსტოვის მერის, ალექსეი ლოგვინენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ მძიმე ჯავშანტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრის გზის საფარი დააზიანა ქალაქში. ყველაზე მეტად დაზიანდა ბუდიონის პროსპექტი, სადაც სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბია განთავსებული. ქალაქის ხელისუფლების თქმით, გზების შეკეთებას ორ დღე დასჭირდება.
ლიპეცკის ოლქში, „ვაგნერის“ ტექნიკის გადაადგილების შეფერხების მიზნით, ექსკავატორებით გათხარეს გზები. ამჟამად იქაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც საინფორმაციო პორტალი „Baza“ იტყობინება, ამბოხის დროს „ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს მინიმუმ ორი საბრძოლო ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს ერთი თვითმფრინავი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზარალის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები:
- 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი და ხელში ჩაიგდო სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი.
- პრიგოჟინი მოითხოვდა, გადაეცათ მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, „ვაგნერის“ განადგურების სავარაუდო მცდელობისთვის.
- 24 ივნისს პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო ამბოხის ორგანიზებისთვის. მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩატარდა მთელი რუსეთის მასშტაბით.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში აჯანყების სასტიკად ჩახშობის პირობა დადო.
- "ვაგნერის" კოლონები დაიძრნენ მოსკოვისკენ და 24 ივნისის საღამოს დაუბრკოლებლად მიაღწიეს მოსკოვის ოლქის საზღვრებს. რუსეთის დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა. ქალაქის შესასვლელებთან ბლოკპოსტები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. როსტოვისკენ დაიძრა ჩეჩნეთის სპეცრაზმი.
- საღამოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დაარწმუნა პრიგოჟინი შეჩერებულიყო და თავისი რაზმები ზურგში, ბანაკებში დაებრუნებინა.
- პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში "გადავა" და რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება.