თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში უშიშროების საბჭოს მოწვევის არავითარი საჭიროება არ იყო.
„როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება და პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იქნება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის, საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ, მოგვიანებით, გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ და მოწოდებები, არ ვიცი ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და შეცდომებს უშვებენ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ - რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასმა“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ასევე შეეხო საზღვრების კონტროლის საკითხს:
„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა მოწოდების სიმაღლეზეა, ვისაც აღნიშნული მიმართულების კონტროლი და ზედამხედველობა ევალება. თუ რაიმე საფრთხე იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში შედის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.
- 23 ივნისის საღამოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
- 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები".
- 24 ივნისს, გვიან ღამით, „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა.