საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ბელგიასთან გამართულ მატჩში ქულა მოიპოვა და A ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობა (0:2) გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი გულიაშვილის გოლებით გაათანაბრა.
A ჯგუფში, მეორე ტურის მეორე შეხვედრა, პორტუგალიისა და ნიდერლანდის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ასევე ფრედ (1:1) დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ოთხი ქულა აქვს. ნიდერლანდსა და ბელგიას - ორ-ორი, ხოლო პორტუგალიას - ერთი. დასკვნითი შეხვედრები 27 ივნისს გაიმართება. საქართველო ნიდერლანდს შეხვდება, ბელგია - პორტუგალიას.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობენ. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს და ტიტულისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაშებს საქართველოსა და რუმინეთის ქალაქები უმასპინძლებენ. ფინალი კი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება 8 ივლისს.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამი უძლიერესი ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.