"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!" - ამ მოწოდებით თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. "სტუდენტები ევროპული მომავლისთვისა" და "ჯიუტის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 20:00 საათზე შეიკრიბნენ და აბანოთუბნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც ისევ უკან დაბრუნდნენ.
მათი განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირი საფრთხეა ღია საზღვრის პირობებში საქართველოსთვის. ორგანიზატორები ითხოვენ საქართველოს მთავრობამ სასწრფოდ ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან, მათ შორის შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლაც.
საზღვრის "ზედმიწევნით" გაკონტროლებისკენ ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით მოუწოდა:
"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით".
მოგვიანებით, მან ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს ჩანიშვნისკენ მოუწოდა.
რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახლა, "ერთადერთი" გზაა, "ამ მოვლენებს დავაკვირდეთ". მან, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მოწოდებას "სისულელე" უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაცულია.
23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.
ევგენი პრიგოჟნმა ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ კერძო სამხერდო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მეგრძოლები მოსკოვის ოქლისკენ მიიწევენ.