ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკმა გააქტიურა თავისი კრიზისის ცენტრი რუსეთში არეულობების გამო.
"სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა მან ტვიტერზე 24 ივნისს.
24 ივნისის ღამით "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიკავეს რუსეთის ქალაქი, დონის როსტოვი და მოსკოვისკენ გადაადგილება დაიწყეს. მათი მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მათ სურთ თავიდან მოიცილონ კორუმპირებული და არაკომპეტენტური მეთაურები, რომლებსაც ის უკრაინაში ომის წარუმატებლობაში ადანაშაულებს.
24 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში, როცა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".
23 ივნისს "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა მისი ქვედანაყოფების ზურგში და, რომ იყო ბევრი მსხვერპლი, რისი მტკიცებულება არ არსებობს.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია იწყებს "სამართლიანობის მსვლელობას" - შეიარაღებულ სვლას მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნით.