რუსი კანონმდებელი: „ვაგნერის“ მეომრებს ამნისტიას ვპირდებით, თუ იარაღს დაყრიან

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებს ამნისტიას შეჰპირდნენ, თუ ისინი იარაღს დაყრიან, მაგრამ მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ, - მოჰყავს Reuters-ს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასზე" დაყრდნობით ერთ-ერთი კანონმდებლის სიტყვები 24 ივნისს.

"ვაგნერის მებრძოლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ დაყარონ იარაღი და თავიდან აიცილონ სასჯელი (უკრაინაში) სპეცოპერაციის დროს მათი მიღწევების გათვალისწინებით, მაგრამ მათ ეს სწრაფად უნდა გააკეთონ", - მოჰყავს "ტასს" რუსი კანონმდებლის, პაველ კრაშენინიკოვის სიტყვები.

რუსეთის „ეფესბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში, როცა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".

23 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა მისი ქვედანაყოფების ზურგში და, რომ იყო ბევრი მსხვერპლი, რისი მტკიცებულება არ არსებობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია იწყებს "სამართლიანობის მსვლელობას" - შეიარაღებულ სვლას მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრიგოჟინის ცნობებს დაქირავებული მებრძოლების ბანაკებზე თავდასხმის შესახებ ყალბი უწოდა და პროვოკაციად შეაფასა.

შექმნილ ვითარებაში რადიო თავისუფლება ოპერატიულად ვერ ამოწმებს შემოსული ინფორმაციის სიზუსტეს.