"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 24 ივნისს გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ "ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი". კობახიძემ თანაგუნდელების მსგავსად ისიც დაამატა, რომ ამ ქმედებით პრეზიდენტი "ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე".
"შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა... ფაქტობრივად, ასეთი რამ მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება რომ არიან ძალები, რომელბსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივევა სურთ.
პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. რამდენიმე ევროპარლამენტარს ჰქონდა ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს გარე კარნახით", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს.
22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ გვარამიას შეწყალება - (არა)საკმარისი ნაბიჯი ევროპისკენ? ასევე ნახეთ თავდასხმა და აგრესია, რომელიც პრეზიდენტს ელის?თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.