რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ღალატი" და "რუსეთისთვის ზურგში დარტყმა" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარი 1917 წლის მოვლენებს შეადარა და თქვა, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, "გარდაუვალი სასჯელი ელოდება".
"ჩვენ ღალატის წინაშე აღმოვჩნდით, გადაჭარბებულმა ამბიციებმა რუსეთის ღალატამდე მიგვიყვანა", - ამბობს პუტინი ვიდეომიმართვაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.
პუტინმა ასევე აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია. მანვე თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".
"გადამწყვეტი მოქმედებები გვექნება დონის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის", - განაცხადა პუტინმა.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი აცხადებს, რომ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარადღეს, 24 ივნისის დილას, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.
ამასთან, გამოცემა "მედუზა" იუწყება, რომ 24 ივნისს, დილას დონის როსტოვის ცენტრი შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, რომლებიც, დიდი ალბათობით, "ვაგნერის მებრძოლები" არიან.
"ბიბისი" რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.