კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა. როგორც "ბიბისის" რუსული სამსახური წერს, ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი24 ივნისს პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ტელეგრამარხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, როგორც აღწერაში წერია, "ვაგნერის" ხელმძღვანელი "აწარმოებს მოლაპარაკებებს" თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენერალური შტაბის დირექტორატის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ალექსეევთან.
ამასთან, გამოცემა "მედუზა" იუწყება, რომ 24 ივნისს, დილას დონის როსტოვის ცენტრი შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, რომლებიც, დიდი ალბათობით, "ვაგნერის მებრძოლები" არიან. მათივე ვარაუდით, არსებობს ვერსია, რომ ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები არიან.
"მედუზა" ადგილობრივ გამოცემა 161.ru-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ ალყა შემოარტყეს სამხედრო შტაბს, ქალაქის ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებს. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გულუბევმა ქალაქის მცხოვრებლებს სთხოვა, "თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან და არ დატოვონ სახლები".
რუსეთის სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
"ბიბისი" რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.