ჟურნალისტებმა უკრაინის ომში 26 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

ულან-უდეში მდებარე რუსი ჯარისკაცების სასაფლაო

„ბიბისის“-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა, რომლებიც მოხალისეთა გუნდთან ერთად აგროვებენ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების სახელებს, 2023 წლის 23 ივნისის მდგომარეობით ერთობლივად დაადასტურეს 26 121 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებაში.

ერთი კვირის წინ გამომძებელ ჟურნალისტთა იმავე ჯგუფმა დაადასტურა 25 528 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტი.

ასევე ნახეთ

უკრაინაში 25,5 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა-ჟურნალისტური გამოძიება

სიის ავტორები ვარაუდობენ, რომ მასში სულ მცირე ორჯერ ნაკლები სახელია, ვიდრე რეალურად დაკრძალულია რუსეთში. სასაფლაოებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში, სულ მცირე, 52 ათასი რუსი სამხედრო უნდა იყოს დაღუპული. რუსეთის საერთო დანაკარგი, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა და დაჭრილთა სახით, მინიმუმ 235 ათას ადამიანს უნდა შეადგენდეს.

ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს დაედგინათ რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურის 2152 რუსი ოფიცრის დაღუპვა. მათ შორის 597 მაიორიდან - გენერლამდე უფროსი ოფიცრის კატეგორიას განეკუთვნება.

დადასტურდა რუსეთის 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ სერგეი გორიაჩოვის დაღუპვა, სავარაუდოდ, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში. გორიაჩოვი გახდა მეხუთე რუსი გენერალი, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში დაკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ რიცხვებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც უკრაინა ამჟღავნებს, სამაგიეროდ ამტკიცებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის 478 დღის განმავლობაში დაახლოებით 223 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.