ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები, კომპანიის დახურვის შემდეგ, დარჩენილი ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვენ

კომპანია „ამბიკონ სტილსი“.

კუთვნილ ორი თვის ხელფასს ითხოვენ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშები, თანამშრომელთა თქმით, საწარმო, რომელსაც ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსი“ მართავს, მოულოდნელად დაიხურა და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

„ამბიკონ სტილსის“ თანამშრომლის შოთა დარსაძის თქმით, შრომის ინპექციამ საწარმო მაისში შეამოწმა და რამდენიმე თანამშრომელი უფლებების დარღვევის შესახებ გამოკითხეს. ქარხნის ადმინისტრაციას კი უსაფრთხოების დასაცავად მითითებები მისცეს.

„უსაფრთოება ნამდვილად უნდა იყოს დაცული, თუმცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად მოხდა 300–მდე თანამშრომლის გათავისუფლება, დავრჩით უხელფასოდ, არადა ყველას ვალები და ბანკის სესხები გვაქვს", – ამბობს, „ამბიკონ სტილსის“ თანამშრომელი.

როგორც მეტალურგიული ქარხნის მუშები ჰყვებიან, ადმინისტრაციამ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მათ წერილობით 10 დღის წინ აცნობა და მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. „გამოკეტეს კარები და სამსახურში აღარ მოხვიდეთო, კარებსაც არ გვიღებენ, რომ გავიგოთ რა ხდება", – ამბობენ ქარხანაში დასაქმებულები.

მეტალურგიული ქარხნის მმართველ კომპანია „ამბიკონს სტილში“ განმარტავენ, რომ წარმოების უფლება შეუწყდათ შრომის ინსპექცის, ასევე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტების საფუძველზე. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ხელფასების დარიცხვა ვერ მოახერხეს და ადასტურებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება დროებით აქვთ შეწყვეტილი დასაქმებულებს.

„ვმუშაობთ შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, მუშაობის გაგრძელების უფლებას მოგვცემს შრომის ინსპექცია. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მოთხოვნების კუთხითაც ვმუშაობთ", – აცხადებენ კომპანიის ადმინისტრაციაში და დასძენენ, რომ თანანშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვა 15 ივნისს საწარმო პროცესიის შეჩერების გამო ვერ მოხერხდა, რადგან საჭირო თანხის მობილიზება ვერ მოხდა. კომპანია ანაზრაურების ჩარიცხვას ყველა თანამშრომელს ჰპირდება.

თუ რა მიზეზით შეუჩერდა ამჯერად ქარხანას მუშაობის უფლება, დეპარტამენტის პრესსამსახურში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ. დეტალებზე არ საუბრობენ კომპანიაშიც.

ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს მუშაობა პირველად 2021 წლის სექტემბერში შეაჩერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ, მოსახლეობის არაერთი მიმართვის შემდეგ. „ამბიკონ სტილსი“ მაშინ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი წარმოება გააგრძელა.

ფუნქციონირების პერიოდში, 2019 წლიდან „ამბიკონ სტილსს“ ფულადი ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა სხვადასხვა სახის დარღვევისთვის, მათ შორის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით დადგენილი პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის გადაჭარბებისთვის, ჯართის გადარჩევის პირობების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მაგნიუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმის გადაჭარბებისა და მავნე ნივთიერებების შესაბამისი წმენდის გარეშე გაფრქვევის ფაქტების გამო. ყველაზე სოლიდური 45-ათასლარიანი ჯარიმა კი კომპანიას 2022 წლის ივნისში დააკისრა სასამართლომ, რომელმაც „ამბიკონ სტილსი“ სამართალდამრღვევად ცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.

მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება ერთი წლის წინაც შეუჩერდა, მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ქუჩების მოსახლეობამ „ამბიკონ სტილსთან“ აქცია რამდენჯერმე გამართა, ქარხნიდან ამოსული აუტანელი სუნის და გამონაბოლქვის გამო, თუმცა რამდენიმე თვეში ქარხანამ მუშაობა გააგრძელა. ქარხნის საწარმოო პროცესის კანონთან შესაბამისად წარმართვას ქუთაისში თაბუკაშვილის, ნიკეას, სულხან-საბას და მათ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეები წლებია ითხოვენ. ისინი ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებასა და შედეგად, თავიანთი ჯანმრთელობის გაუარესებაში ადანაშაულებენ. ყოველ ჯერზე კომპანია ირწმუნებოდა, რომ წარმოება ტექნოლოგიურ ციკლთან სრულ შესაბამისობა და გარემოსდაცვით ღონისძიებათა გათვალისწინებით აღდგა.

2022 წლის ივნისში გარემოსდაცვითი დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება აღარ მისცეს გარემოსთვის საფრთხის შემქმნელი ფაქტების გამო.

2022 წლის ივლისში გამონაბოლქვისა და აუტანელი სუნის გამო, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნა ქარხანაში საწარმოო პროცესის სრულად შეჩერების მოთხოვნით. თუმცა ქარხანამ მუშაობა ორ თვეში გააგძელა და 23 ოქტომბერს გამართული აქციის საპასუხოდ, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ფრიდონ კვინიკაძე აცხადებდა, რომ საწარმომ მეტალურგიული წარმოება საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში აღადგინა და იყენებდა სათანადოდ გამართულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობას.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მეტალურგიული ქარხანა დასახლებული ადგილიდან მოშორებით უნდა გადაიტანონ, რადგან წარმოების შეჩერება არასაკმარისია, აქტივისტების თმით, ეჭვობენ, რომ წარმოების შეჩერებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ქარხანა ვერ დაამონტააჟებს ისეთ ფილტრს, რომელიც ჯართის გადამუშავებით მიღებულ გამონაბოლქვს უსაფრთხოს გახდის.