უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის არმიის შევრონი. საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, ამის შესახებ საიტი "კრიმ.რეალიი" იტყობინება, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით.

"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ ცნობაში.

რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება რეგულარულად, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხდება.

მანამდე, 3 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინას 1426 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა.