რუსეთში კამჩატკაზე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

ფოტო არქივიდან: კამჩატკაზე კლიუჩევსკაიას ვულკანის ამოფრქვევა

რუსეთში ყველაზე დიდმა კლიუჩევსკაიას ვულკანმა ლავის ამოფრქვევა გუშინ, 22 ივნისს, დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფის (KVERT) ხელმძღვანელმა ოლგა რიგინამ დაუდასტურა გამოცემა „იზვესტიას“. ვულკანის მოქმედება გამოჩნდა სატელიტურ ფოტოებზეც.

რიგინას სიტყვებით, ამოფრქვევის ამჟამინდელ დინამიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს ახლომდებარე დასახლებებისა და ავიაციისთვის.

KVERT-ი აგრძელებს ვულკანური ამოფრქვევების მონიტორინგს. რიგინას სიტყვებით, ვულკანიდან წინა ჯერზე ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.

მანამდე, 8 ივნისს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა ფერფლის ამოფრქვევა შენიშნეს კურილის კუნძულ პარამუშირზე არსებული ებეკოს ვულკანიდან. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ ფერფლის ნალექი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 5 კილომეტრზე მეტ მანძილზე გავრცელდა.