სააკაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: "ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას და აცხადებს, რომ ეს ევროპის, ამერიკისა და საზოგადოების აქტიურობის დამსახურებაა. კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტის წერილი მის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა:

"ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.

სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა "მთავარის" ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.

მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.

ასევე ნახეთ მიშელი მიესალმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და ღარიბაშვილისგან მიღებულ დადასტურებას