ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, თუ რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დასავლეთის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. უკრაინასთან მიმართებით ისრაელის მთავრობის მიდგომაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა გამოცემა „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ. ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში.

"ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ... ასე მოხდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

თავის მიერ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი დაბალანსებული და სწორი უწოდა. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა უმრავლესობა მასთან საუბარში ეთანხმებოდა მის არგუმენტებს. ნეთანიაჰუს თქმით, დასავლეთი გაგებით ეკიდება სიტუაციას, რომელშიც ისრაელი იმყოფება. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, "გლოვობს ადამიანების დაღუპვას“ და სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება.

  • ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.
  • კიევმა არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება იმის გამო, რომ უარი თქვა რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.