TI გამოყოფს სამ ტენდენციას, რომლებიც მედიის წინააღმდეგ საქმეების განხილვებში გამოიკვეთა

საილუსტრაციო ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საუბრობს იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვა წარმომადგენლების სასამართლო საქმეების განხილვისას.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ტენდენციები, ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გამოყოფს შემდეგ ტენდენციებს:

განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეების განხილვის კანონით დადგენილი ვადა მათ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა საქმეში დაირღვა, ამასთან გამოიკვეთა, რომ სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები.

"მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა. ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროვებულად, 3 თვის ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო".

საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება

ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს ტენდენციას, როცა სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც "მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე".

"მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებული განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დააკმაყოფილდა და “TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა".

შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს

ორგანიზაცია ასევე საუბრობს იმაზეც, რომ მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია იყო შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც.

"დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს, ხოლო მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს.