ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის შესაძლო ტერაქტის გამო, დღეიდან უკრაინაში მუშაობა დაიწყეს სპეციალურმა შტაბებმა, რომელთა შემადგენლობაში არიან ენერგეტიკის და მედიცინის სფეროების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები. ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება სპეციალური წვრთნები, გზების გადაკეტვით და სანიტარიული ბლოკ-პოსტების განთავსებით. კლიმენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ხელისუფლების ორგანოთა ინსტრუქციები შეასრულონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს". როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ უკრაინა ცდილობს რუსეთს ჩრდილი მიაყენოს და გადაფაროს საკუთარი „ტერორისტული ქმედებები". რიაბკოვის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხეს უქმნის არა რუსეთი, არამედ კიევის „პროვოკაციები". იგივე განაცხადა რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „როსატომის“ დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ. მან „ტასს“ უთხრა, რომ ზელენსკის განცხადება არის მცდელობა საზოგადოება მოამზადონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ძალით დაპყრობის მცდელობის შედეგად მოსალოდნელი შესაძლო „ბირთვული ინციდენტისთვის“.
- ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
- ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".