პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ევროკავშირის დროშის დაწვისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

წუხელ, 22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს მოძრაობის, „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელი ხატია ჯანაშია.

საჯარიმო ქვითარი ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და კომენტარიც დაურთო, რომ სალომე ზურაბიშვილს „ამ 1000 ლარს ჩვენ საზოგადოება გპირდებით რომ ძმრად ამოგადენთ!“

იქვე ნათია ბერიძემ საზოგადოებას საჯარიმო თანხის შეგროვებისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა, ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან, როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სულ ცოტა ორი მოქალაქე მივიდა - ერთმა მათგანმა ევროკავშირის დროშა დაწვა, რასაც მეორე მობილური ტელეფონით იღებდა.

პრეზიდენტს აქტივისტებმა „მოღალატე“ და „სამშობლოს მტერი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ამ დროშის გამო სამშობლო დასავლეთში და ნაცებში გაცვალა“.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ხმის გამაძლიერებელიც, საიდანაც ისმოდა ნიკა გვარამიას მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ადრე გაკეთებული შეფასებები, რომლებშიც არანორმატიული ლექსიკა იყო გამოყენებული და რის გამოც საპატიმროდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის;

"მე არ ვაპირებ, გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში - საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას [სალომე ზურაბიშვილს] ამის გამო", - თქვა ნიკა გვარამიამ,

  • ხატია ჯანაშია ადვილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.
  • ევროკავშირის, NATO-სა და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნების სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა. ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.
  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
  • დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი და დეპოლარიზაცია ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციას შორისაა, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.