ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს.
ევროპული საბჭოს მიერ 22 ივნისს, ღამით გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმის დადასტურებასაც, რომ საქართველო აღარ შეეცდება „უცხოეთის გავლენის“ კანონის მიღებას.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში დადებით ნაბიჯადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც, მესამე მოსმენით არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის კანონი“ და ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
- საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
- 22 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს და ეს საკითხი დახურულია.
- 21 ივნისს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინეს ევროპელი პარტნიორების თხოვნა და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება გადადეს.
დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი და დეპოლარიზაცია ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციას შორისაა, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასევე ნახეთ „საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო“ - ევროკავშირის საბჭო