რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის საჩივარი ქაღალდისა და საწერი კალმის მიცემაზე უარის შესახებ

ალექსეი ნავალნი

22 ივნისს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი იუსტიციის სამინისტროს მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ კოლონიამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, მიეცათ მისთვის საწერი ქაღალდი და კალამი. საწერი საშუალებების მიცემა, რუსული კანონმდებლობით, ყველა პატიმრის უფლებაა.

ნავალნის თქმით, საწერი ქაღალდისა და კალმის გარეშე არ შეუძლია თავისი ოჯახისა და ახლობლებისთვის წერილების მიწერა და ასევე - საჩივრის დაწერა კოლონიის მაკონტროლებელი ორგანოების მისამართით.

ნავალნიმ სარჩელი შეიტანა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, რადგან ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ამ უწყებას ექვემდებარება.