ოკეანეში გამქრალი "ტიტანის" ეკიპაჟი დაიღუპა - ნავის მფლობელი კომპანია

"ტიტანი" ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.

ამერიკულმა კომპანია OceanGate-მა განაცხადა, რომ თავისი წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი დაიღუპა.

18 ივნისს ისინი აპირებდნენ ცნობილი ხომალდის, “ტიტანიკის” ფრაგმენტების დათვალიერებას. “ტიტანიკი” 1912 წელს ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.

“ტიტანიკის” ფრაგმენტების სანახავად ექსპედიცია დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ ჩასვლის დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში აპარატთან კავშირი შეწყდა. მას შემდეგ მაშველები ხომალდს ვერ პოულობდნენ.

"ეს ადამიანები იყვნენ ნამდვილი მკვლევრები, რომლებიც იზიარებდნენ გამორჩეულ სულისკვეთებას თავგადასავლებისადმი და ძლიერ ვნებას, ეკვლიათ და დაეცვათ მსოფლიოს ოკეანეები", - ნათქვამია კომპანიის მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი “ტიტანი” - რა უნდა იცოდეთ მასზე

"ტიტანზე" იყვნენ:

58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში სამჯერ მოხვდა. მაგალითად, 2021 წელს - იმისთვის, რომ მარიანის ღრმულის ფსკერზე, 11 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩავიდა და იქ 4 საათი და 15 წუთი გაატარა.

48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მასთან ერთადაა მისი 19 წლის შვილი, სულემანი.

61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი. “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ მისი ცოლი, ვენდი, “ტიტანიკზე” დაღუპული ორი მგზავრის შთამომავალია.

77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე. ეს “ტიტანიკთან” მისი 36-ე ჩასვლა იყო.

22 ივნისსავე აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ „ტიტანის“ ნამსხვრევებს მიაგნო მყვინთავმა რობოტმა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ნამსხვრევები იმაზე მიუთითებს, რომ "ტიტანი" წნევისგან გაიჭყლიტა.