დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ემხრობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი. ლონდონი, 21 ივნისი, 2023.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრები მზად არიან დააჩქარონ ალიანსში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის განხილვა.

ლონდონში, უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ კონფერენციაზე საუბრისას კლევერლიმ თქვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს კიევის იდეას, თავი აარიდოს განაცხადის ხანგრძლივ პროცესს.

ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყნების უმრავლესობამ უნდა გაიაროს ე.წ. ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) - ფორმალური პროცედურა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პოტენციური წევრები აკმაყოფილებდნენ ალიანსის სტანდარტებს. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინა უკვე ახორციელებს ბევრ რეფორმას, რომლებიც ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო.

„ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არის ის, რომ ის ძალიან, ძალიან დაუჭერდა მხარს იმას, რომ წევრობის სამოქმედო გეგმიდან უფრო შორს წავიდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ამას არ მოითხოვდა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე თავიანთი ქმედებებით აჩვენეს არმიის რეფორმებისადმი თავიანთი ერთგულება. და მე ვფიქრობ, რომ ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს ამას“, - თქვა კლევერლიმ.