სასამართლომ TikTok-სა და Facebook-ზე კრიტიკული აზრის გამოთქმა სამართალდარღვევად მიიჩნია - საია

საია სახიფათო ტენდენციად ასახელებს სოციალურ ქსელებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებას და სასამართლოს მხრიდან ამ პლატფორმებზე გამოხატული მოსაზრებების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევას.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც სახიფათო ტენდენციად ასახელებს სოციალურ ქსელებში, ტიკტოკსა და ფეისბუკში, გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებას და სასამართლოს მხრიდან ამ პლატფორმებზე გამოხატული მოსაზრებების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევას.

საუბარია 2023 წლის მარტში ქუთაისისა და თბილისის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. პირველ შემთხვევაში ეს ეხება ფეისბუკზე გამოქვეყნებულ კრიტიკული შინაარსის ვიდეოს, მეორე შემთხვევაში - ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ინტერნეტმომხმარებელი თბილისის სატრანსპორტო კოლაფსზე ლაპარაკობს. ორივე შემთხვევა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.

უფრო კონკრეტულად ამ საქმეებზე:

2023 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო კურიერი ი.მ. TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსისთვის და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლო განიხილავდა კურიერის მიერ TikTok-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. მასში მოქალაქე, რომელსაც დღის განმავლობაში მოპედით უწევს ქალაქში გადაადგილება, აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიემართებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. ის ასევე მწვავედ აკრიტიკებდა და ლანძღავდა იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ.

სასამართლომ ამ საქმეზე განმარტა, რომ TikTok-ს მიიჩნევს საზოგადოებრივ სივრცედ და თავშეყრის ადგილად, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც აქ კონტენტს ათავსებს, მართებს საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმების დაცვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ისე, რომ არ უმსჯელია სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაუსაბუთებია, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე. სასამართლომ ვიდეო მიიჩნია "სამართალდამცველების შეურაცხყოფად მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე."

რაც შეეხება ქუთაისის შემთხვევას, აქ სააპელაციო სასამართლო განიხილავდა ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტისთვის და 2 500- ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული პოლიციის თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 23 მარტს ძალაში დატოვა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სასამართლომ, თბილისის სასამართლოს მსგავსად, ჩათვალა, რომ „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში.“ სასამართლომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოს სამართალდარღვევად მიჩნევა იმ არგუმენტით დაასაბუთა, რომ "ქმედების კვალიფიკაციისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას."

საიას შეფასებით, ორივე აღნიშნული შემთხვევა ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აუარესებს ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტს.

ასევე ნახეთ შიშის თესვა: როცა ფეისბუკის სტატუსის გამო „გამოკითხვაზე“ გიბარებენ

თავის მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებული დოკუმენტია, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია გამოწვევად აფასებენ და მის რეფორმირებას ითხოვენ.