აშშ დამატებით 1,3 მლრდ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღსადგენად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის ეკონომიკის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ლონდონი, 21 ივნისი, 2023.

შეერთებული შტატები დამატებით მილიარდ 300 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღსადგენად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ოთხშაბათს ლონდონში გახსნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ეკონომიკის ომისშემდგომ აღდგენას.

ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი თანხების უმეტესი ნაწილი მიმართული იქნება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. კერძოდ, 520 მილიონი დოლარი მოხმარდება ელექტროქსელის მოდერნიზებას, განაცხადა ბლინკენმა.

„აღდგენა - ესაა საფუძვლის ჩაყრა იმისთვის, რომ უკრაინა განვითარდეს უსაფრთხო, დამოუკიდებელ ქვეყნად, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან და დაკავშირებული იქნება მსოფლიოს ბაზრებთან“, - დასძინა ენტონი ბლინკენმა. ეს ასევე ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები პირდაპირ არ უკავშირებენ დაფინანსებას ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას. ბლინკენმა თქვა, რომ ომის შემდგომ უკრაინას დასჭირდება „მაქსიმალურად ძლიერი ეკონომიკა და მაქსიმალურად ძლიერი დემოკრატია“, რათა მოიზიდოს საჭირო ინვესტიციები.

ორდღიანი კონფერენციის მონაწილეთა თქმით, ის ერთდროულად უნდა იქცეს უკრაინის ეკონომიკის აღორძინებისთვის სახსრების მოზიდვის ფორუმად და სიგნალად რუსეთისთვის, რომ კიევის მოკავშირეები გრძელვადიანი პერსპექტივისთვის არიან განწყობილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლონდონი სამი წლის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ოდენობის გარანტიას გასცემს მსოფლიო ბანკის სესხებზე უკრაინისთვის. ეს თანხა მოხმარდება უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის დაფინანსებას.

„როგორც ვნახეთ ბახმუტსა და მარიუპოლში, რუსეთი რის ხელში ჩაგდებასაც ვერ ახერხებს, ანადგურებს. მათ სურთ იგივე გააკეთონ უკრაინის ეკონომიკასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში ინვესტიციებისთვის კიდევ 250 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა კიევის პროგრესის შესახებ რეფორმების მიმართულებით და დასძინა, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების გეგმის შესახებ შეთანხმება შესაძლოა უახლოეს მომავალში იქნეს მიღწეული.

„მიზანი ახლოსაა. ჩვენ გვინდა უკრაინაში რეფორმები გავაერთიანოთ ევროკავშირის ინვესტიციებთან. ჩვენ მიერ შეთავაზებული 50 მილიარდ ევრომდე დაფინანსება უკრაინას 2027 წლამდე დაეხმარება“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერში.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩართვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას ამ წლის გადასატანად 14 მილიარდი დოლარი ესაჭიროება საერთაშორისო დონორებისგან. თანხა ძირითად მოხმარდება სოციალურ ხარჯებს, როგორიცაა საპენსიო გადასახადები, ჯანდაცვა და ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასები. ის ასევე დაეხმარება დანგრეული ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სასწრაფო რემონტის დაფინანსებას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დროს დაზარალებული უკრაინის აღდგენას მინიმუმ 350 მილიარდი დოლარი სჭირდება. ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრილიონ დოლარზე მეტს ასახელებს.