შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით:
- მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს;
- ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე;
- დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.
აქცენტები და შენიშვნები
ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს:
- 3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული;
- 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
- 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
- 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
ის 3 რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა, არის:
- დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
- გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია;
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება;
მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.
„ნაწილობრივი პროგრესი“ - რა არის საჭირო?
7 რეკომენდაცია, სადაც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს, არის:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა - ამ პუნქტში ევროკომისიამ მიუთითა, რომ საჭიროა „უხეში რიტორიკის“ დასრულება და ხაზი გაუსვა პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობისა და „კონსტრუქციული მრავალპარტიულობის“ საჭიროებას;
- ინსტიტუციების დამოუკიდებლობა - საჭიროა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, საარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიება, ცვლილებები საარჩევნო სისტემაში და უშიშროების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება;
- ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა - ამ პუნქტის შესასრულებლად, ევროკომისიის ხედვით, საჭიროა ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების დანიშვნა;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ევროკომისიამ აქაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ანტი-კორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საჭიროებასთან ერთად;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - საჭიროა, საქართველომ გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval-ის) რეკომენდაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ტერიტორიაზე;
- ადამიანის უფლებების დაცვა - საჭიროა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავება, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის გამოძიება (მათ შორის 50 მსხვერპლის საქმის გამოძიება) და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა;
- სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ევროკომისიამ ჩათვალა, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგის განახლება სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასთან რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების გამართვა.
„ლიმიტირებული პროგრესი“ დეოლიგარქიზაციაზე
ევროკომისიამ გამოყო დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და თქვა, რომ ამ პუნქტზე საქართველოს „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
სხვა ქვეყნების პროგრესის შეფასებისას ასეთი შეფასება გამოყენებული საერთოდ არ არის. საქართველოს „კარგი პროგრესი“ არცერთ პუნქტში არ აქვს.
მოხსენების ბოლოს ევროკომისიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე პუნქტს, რაზეც საქართველოს დამატებით მუშაობა სჭირდება: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და მედია.
დეოლიგარქიზაციის პუნქტზე საქართველოს გაუმეორეს ის, რასაც აქამდეც ამბობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, - საჭიროა „სისტემური მიდგომა“.
ასევე ნახეთ ჰერჩინსკი: დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტზე 27 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, ველით სისტემურ მიდგომასრა ქნეს სხვა ქვეყნებმა?
ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:
- 2 სრულად შეასრულა;
- 5-ზე აქვს „გარკვეული პროგრესი“;
მოლდოვამ კი 9 რეკომენდაციიდან:
- 3 სრულად შეასრულა;
- 3-ზე „კარგი პროგრესი“ აქვს;
- 3-ზე - „გარკვეული პროგრესი“;
მოლდოვასა და უკრაინას არცერთ პუნქტზე არ მიუთითეს, რომ „ნულოვანი პროგრესი“ ან „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვამაც და უკრაინამაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და დეოლიგარქიზაციაზე.
ამასთან, უკრაინამ უნდა მიაქციოს ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას (ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად) და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის შემუშავებას.
რას ნიშნავს ეს შეფასებები?
დღევანდელი განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ოქტომბრის დოკუმენტი უფრო მოცულობითი და საფუძვლიანი იქნება და გადამწყვეტი რეკომენდაციები დაერთვება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა.
რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც „საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახდება, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან“.
ასევე ნახეთ 4 მიზეზი, მაინც, რატომ არის შესაძლებელი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს