ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპტიმისტურად უყურებს

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა ბრიუსელში თავისი უკანასკნელი ვიზიტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა. ამასთან - შეხვედრისას განხილული 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი და მოლოდინები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს.

მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, თუმცა იქამდე ბევრი რამე არის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კიბერუსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან კომენტარში. მისი სიტყვებით, უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

ასევე ნახეთ 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა - რას იტყვის ევროკომისია საქართველოზე ზეპირ მოხსენებაში

„მოცემულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. ასეთ ვითარებაში მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო და თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, სტატუსის მინიჭების საკითხთან მიმართებით ის "საკმაოდ ოპტიმისტურად" არის განწყობილი.

ასევე ნახეთ როგორ აპირებს "ოცნება" მრავალი თაობის ევროპული ოცნების ასრულებას? - დაპირებები ბრიუსელში, განცხადებები თბილისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესრულებული აქვს 11 რეკომენდაცია, ერთადერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევაა. მის შეუსრულებლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს 14 ივნისს შეხვდა. მანამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს პრემიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის განხილვის თემა იყო 25 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.