ვარკეთილში მეზობლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ფოტოილუსტრაცია

თბილისში, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მამა-შვილს თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი, 25 წლის მეზობელი, რომელმაც მათი დახოცვა სცადა. თავდამსხმელი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. დანაშაულს ათეულობით ადამიანი ადევნებდა თვალს მეზობელი კორპუსიდან, არსებობს თავდასხმის ამსახველი კადრებიც. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მეზობელი მის ბინაში მაშინ შევიდა, როცა მამამისი მაღაზიაში იყო.

"ადამიანი, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა - აბანოში მგუდავდა, 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა... ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს", - იხსენებს მეზობლის თავდასხმას ახალგაზრდა ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. დაკავებულს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.