გაფიქრებაც კი მზარავს, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა - კონსერვატორიის რექტორი

ნანა შარიქაძე, მუსიკოსი

კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე ფეისბუკზე ეხმაურება კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს და კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმების შინაარსთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პასუხად წერს, რომ შემზარავია კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი.

"ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მემგონი საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს ჭირდება.

ასე მგონია ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ - ის რაც ხდება არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში.

მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრამვა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და “დაზავების” ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით", - წერს ნანა შარიქაძე.

განცხადების ფონია კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი და უკვე განხორციელებული საკადრო ცვლილებები, რასაც კინემატოგრაფისტები აპროტესტებენ. კინოცენტრში, რომელიც ქართული კინოპოლიტიკის განმსაზღვრელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, კულტურის მინისტრმა ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ფინანსისტი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ კი პროპაგანდისტული მედია postv-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ცვლილებები კინოცენტრში - ინტერვიუ კინოპროდიუსერ თეკლა მაჭავარიანთან

საკადრო ცვლილებების პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ცენტრის საქმიანობას და იწუნებენ იმ ფილმების შინაარსს, რომლებიც ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა.

ასევე ნახეთ კინოს კონტროლი წარსულში დარჩა, [თუმცა] სამარცხვინო ფილმები არ უნდა გადაიღონ - ამბობს კობახიძე