ყაზახეთში გაუქმდა გრიგორი ლეპსის კონცერტი, მომღერლის მიერ ომის მხარდაჭერის გამო

მომღერალი გრიგორი ლეპსი

კომპანია Makao Luxury Village Resort-მა, რომელსაც გრიგორი ლეპსის გამოსვლა ყაზახეთში თავის საკონცერტო სცენაზე უნდა უზრუნველეყო, 19 ივნისს მომღერლის კონცერტის ორგანიზატორებთან ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, კონცერტი მიმდინარე წლის ივლისში ალმატის რაიონის ქალაქ კონაევში იყო დაგეგმილი.

კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელებში. ბევრმა მომხმარებელმა ყაზახეთში უკმაყოფილება გამოთქვა იმ რუსი მომღერლის ჩასვლაზე, რომელიც მხარს უჭერს ომს უკრაინაში. გრიგორი ლეპსის დაგეგმილი კონცერტის შესახებ ცნობა დროში დაემთხვა ლეპსისა და ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას - მომღერლებმა გადაწყვიტეს, ერთი მილიონი რუსული რუბლი საჩუქრად გადასცენ ყველას, ვინც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებს.

ამ ფონზე ყაზახურმა სოციალურმა ქსელებმა უარყოფითად აღიქვეს სიახლე ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება.

უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერისთვის ყაზახეთში მანამდე ასევე გაუქმდა ლარისა დოლინას და პოლინა გაგარინას კონცერტები. არ შედგა სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი სერგეი გლუშკო თამაშობს.

ამავე დროს, ასტანასა და ალმატიში 2022 წლის ნოემბერში დაგეგმილ ვადაში გაიმართა ფილიპ კირკოროვის კონცერტები.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი სანქციების შემოღებას აპირებს გრიგორი ლეპსის (ლეფსვერიძისა) და ნიკიტა მიხალკოვის წინააღმდეგ - Euobserver