თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი ჰყვება, რომ ილიას უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ახალგაზრდა კაცი მას ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ავტომობილთან მისვლაში უშლიდა ხელს, მოგვიანებით კი კვერცხი ესროლა.
„გამოვედი ლექციიდან და ავტომობილამდე არ მიმიშვა მოქალაქემ, არ ვჩერდებოდი, მაგრამ დაიწყო ერეკლეს დაცვა, დედის გინება და შემდეგ ჯიბეში კვერცხიც აღმოაჩნდა „შემთხვევით“, კვერცხი არ მომხვედრია, მანქანას მოხვდა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ის პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით, შემთხვევას შემსწრე ადამიანებიც იღებდნენ. რადიო თავისუფლება შსს-გან მომხდარზე პასუხს ელის.
ეს ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევაა არაა. 15 მაისს ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს ის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა.
ასევე ნახეთ ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილიასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.