მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

მოსკოვში გამართული შეხვედრის მონაწილეები

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (ТПП) 19 ივნისს რუსეთ-საქართველოს საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, სხდომა ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკურ, სადაზღვევო და ტვირთების ტრანზიტის საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ დამსწრეებს რეაბილიტირებული და გაუმჯობესებული "ზემო ლარსის" სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ აცნობა, რომელიც, მისი თქმით, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას. "მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები იყო საჭირო", - აღნიშნა მან.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოდან სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობაზე ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობა.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის თაობაზე.

რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად აირჩიეს კომპანია „ИК Румб-ის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, საქმიანი შეხვედრები გამართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.

ასევე ნახეთ რას ჰყვება საქართველოს საგარეო ვაჭრობა ქვეყნის საგარეო კურსზე