ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა კალიფორნიაში, მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან შეხვედრისას.
ორი დღით ადრე, 17 ივნისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა დაიწყო ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება.
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია- რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
- 9 ივნისს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ პროცესი დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს დასრულდება ბელარუსში შესაბამისი საცავის მომზადება.
- 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელარუსშია და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.